წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე

წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე

Monday, October 5, 2015


ჩვენი სარმწუნოება


ჩვენს სარმწუნოებას მართლმადიდებლობა ჰქვია, ეს ნიშნავს ჭეშმარიტ რწმენას, ანუ იმას, რომ მართლად, სწორად ვადიდოთ უფალი. ეს რწმენა იესო ქრისტემ უქადაგა ხალხს. იგი ქრისტეს არჩეულმა მოწაფეებმა, მისმა მოციქულებმა გაავრცელეს მთელს დედამიწაზე. ეს ყველაფერი მართლმადიდებელმა ეკლესიამ პირვანდელი სახით შემოგვინახა. 

"საიდუმლო სერობა", ქუთაისის სახელწმიფო მუზეუმი
რატომ არ ვცვლით არაფერს ჩვენს სარწმუნოებაში? იმიტომ, რომ თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ ღვთის დატოვებულ სწავლებას დავამახინჯებთ. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მასწავლებელმა ბავშვებს ცარცით ლამაზი სახლი დაუხატა და სთხოვა, ნახატისთვის ხელი არ ეხლოთ, ვინაიდან იგი სხვა კლასის მოსწავლეებისთვისაც უნდა ეჩვენებინათ. ბავშვებმა კი მასწავლებელს არ დაუჯერეს - ზოგმა სახლს კედელი მოუშალა, ზოგმა ფანჯრები და კარი ამოავსო, დანარჩენებმა კი სახურავი გადაასწორეს. საბოლოოდ სახლის ნაცვლად რაღაც ყუთი გამოვიდა. რა თქმა უნდა, მასწავლებელი ამაზე გაბრაზდება და მოსწავლეებს უსაყვედურებს. ჩვენი რწმენაც ასეა, უფალმა რაც დაგვიტოვა, იმას უნდა მოვუფრთხილდეთ, თორემ ვისაც როგორ მოუნდება, ისე თუ დაამატა ან გამოაკლო ღვთის ნათქვამს, რა გამოვა? მაშინ ჩვენც იმ ურჩ ბავშვებს დავემსგავსებით, მასწავლებელს ნახატი რომ გაუფუჭეს.
ძველადაც და ახლაც ზოგიერთი ცდილობს უფლისგან დანატოვარი სარწმუნოება უფრო გაამკაცროს, ან უფრო შეარბილოს. ისინი ეკლესიას არ უჯერებენ, თითქოს უფალს უსწორებენ და ასწავლიან. ეს არ არის სწორი საქციელი. ასეთი ადამიანები ჰგვანან ოროსან მოსწავლეებს, რომლებიც ტრაბახობენ სკოლის სახელმძღვანელოს დაწერა შეგვიძლიაო.
სწორედ ამიტომ მართლმადიდებლები არაფერს ვცვლით ჩვენს სარწმუნოებაში.

ავტორი - დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე   





სარწმუნოება

როგორ შეგვიძლია გვწამდეს ღმერთი? ის ხომ უხილავია, ჩვენ არასდროს მოგვისმენია მისი ხმა, მას ვერც შევეხებით.
მიუხედავად ამისა ჩვენ გვიყვარს ჩვენი ღმერთი, იესო ქრისტე, გვწამს, გვჯერა და ვენდობით მის სიტყვას, რომელიც ეკლესიამ შეინახა და ჩვენამდე მოიტანა. გვწამს და დარწმუნებულნი ვართ, რომ იესო ყველაზე ძლიერი და კეთილია.

ღმერთთან სიახლოვეს გრძნობს არა თვალი და ყური, არამედ ადამიანის სული. ღმერთი ჩვენს გარეთ კი არ არის, არამედ ჩვენშია, ჩვენს გულში. ამიტომ შეგვიძლია ვირწმუნოთ და გულით შევიგრძნოთ, თუ როგორია ის.
ის გული, სადაც ღმერთი სახლობს, სავსეა სიხარულით. ოღონდ ეს სიხარული არ ჰგავს, მაგალითად, რაღაც ჩვენთვის სანუკვარი სურვილის ასრულებით გამოწვეულ სიხარულს.
ეს სიხარული ჰგავს იმ გრძნობას, როცა მშვიდად ზიხარ შენი მშობლის კალთაში, როცა შეგიძლია ყველაფერი აკეთო მათთან ერთად და დარწმუნებული ხარ, რომ ისინი არასოდეს მიგატოვებენ.
სარწმუნოება, ეს არის ის სიხარული, როცა იცი, რომ იესო ქრისტე, თავად ღმერთია შენთან და ის არასდროს მიგატოვებს. 





ლოცვა

ლოცვა ღმერთთან ურთიერთობაა. უფალი ყოველთვის დილით თუ საღამოს, სახლში თუ გარეთ, ყოველთვის მზად არის ჩვენთან ურთიერთობისთვის, ჩვენს მოსასმენად, ჩვენს დასახმარებლად. უფალი იესო ქრისტე ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარია.
მიუხედავად იმისა, რომ უფლის გარეშე დედამიწაზე სულ მცირედიც კი არ ხდება, ღმერთის გარეშე წვიმის არცერთი წვეთი არ მოწყდება ღრუბელს, არცერთი მცენარე არ აღმოცენდება, არცერთი სულიერი არსება არ დაიბადება, უფალ იესოს მაინც ყოველთვის სცალია ჩვენთვის. 
ლოცვა მხოლოდ ხატების წინ დიდი დროით ლოცვების წიგნის კითხვა არ არის. ლოცვა არის ნებისმიერი საქმის კეთების წინ ღმერთის გახსენება. უფალთან ერთად გაღვიძება, დაძინება, ჭამა, სწავლა, მუშაობა, თამაშიც კი. მაგალითად, როცა იცი, რომ თამაშის დროს უფალი შენთან არის, არ იცრუებ, არ ატკენ მეგობარს გულს, უსამართლოდ არ მოიქცევი.
ხშირად არის, რომ დილის თუ საღამოს ლოცვებს წავიკითხავთ, პირჯვარს გადავიწერთ, დავხურავთ წიგნს და გავიქცევით ჩვენს საქმეებზე. თუმცა ლოცვის დროს, როდესაც უფალს ვესაუბრებით და ჩვენს სათქმელს ვეტყვით, შემდეგ ცოტა ხანს უნდა გავჩერდეთ და უფლის პასუხსაც მოვუსმინოთ. უფლის პასუხს, რა თქმა უნდა, ყურით ვერ გავიგებთ, მაგრამ გულით ვიგრძნობთ. გულით უნდა ვიგრძნოთ, რომ უფალი ჩვენთან არის.  
თუ ხშირად გული არაფერს გრძნობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფალი არაფერს გვპასუხობს და ის ჩვენ გვერდით არ არის. უბრალოდ ასეთ დროს იმდენად ვართ ჩვენი საქმეებით დაკავებული, რომ უფალთან ურთიერთობისთვის არ გვცალია.
კარგია ვისწავლოთ ცოტა ხნით ყველაფრის გვერდზე გადადება და სიჩუმეში ყურის მიგდება თუ როგორ შემოდის ჩვენში უფალი. უფალი, რომელიც ძალიან ტკბილია და გულში შემოსვლითანავე უსაზღვრო სითბოთი, სიყვარულით, უჩვეულო სიმშვიდითა და სიხარულით გვავსებს. მასთან ურთიერთობას სხვა ვერაფერი შეედრება. 





სულიერი მოძღვარი

ეკლესიაში მოსიარულე ყველა ადამიანს თავისი სულიერი მოძღვარი ჰყავს. ზოგადად ყველა ადამიანს პატარას თუ დიდს, ქალსა თუ კაცს, ქართველსა თუ უცხოელს ერთი საერთო მამა ჰყავს - ღმერთი. ღმერთი, რომელმაც ყველას სიცოცხლე მოგვანიჭა. ის გვზრდის და ზრუნავს ჩვენზე, მას ძალიან ვუყვარვართ.

 ჩვენი ზეციერი მამა იესო ქრისტეა. ჩვენ ის არ გვინახავს, მაგრამ გვაქვს მისი ხატები. ხატების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, როგორი იყო იესო. ჩვენ გვიყვარს ქრისტე, ამიტომ სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულების ნიშნად ვემთხვევით (ვკოცნით) მის ხატებს.
ჩვენი სულიერი მოძღვარი კი არის იესო ქრისტეს ცოცხალი ხატი. მისი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, როგორი იყო იესო, ოღონდ არა გარეგნულად, არამედ როგორი თვისებები ჰქონდა და აქვს მას. რამდენად მოსიყვარულეა, როგორი კეთილი და მიმტევებელი ჩვენი უფალი. მიმტევებელი ნიშნავს იმას, რომ მაცხოვარი ყოველთვის გვაპატიებს ყველაფერს თუ კი მას გულით ვთხოვთ, ასევეა მოძღვარიც.
სახარების კითხვისას ალბათ ბევრს უნატრია, ნეტავ, ჩემთანაც მოსულიყო ქრისტე. ნეტავ, მეც შემძლებოდა მასთან შეხვედრაო.
ის ვისაც რაიმე სათქმელი აქვს უფალთან, ის ვისაც უფლის სიტყვის მოსმენა სურს, მოძღვართან მიდის. რადგან მოძღვარი თავის აზრებსა და სურვილებს კი არ გვახვევს თავზე, არამედ ქრისტეს ნებას და სურვილს გვაგებინებს. მოძღვარს ქრისტეს ძალით და მადლით ვუყვარვართ, მოძღვარი ქრისტეს ძალით გვპატიობს.
სულიერ მოძღვართან ურთიერთობით ქრისტესადმი სიყვარულს გამოვხატავთ. სულიერი მოძღვარი ძალიან გვეხმარება უფალთან ურთიერთობაში. 






აღსარება


ყოველი ადამიანი, დიდი თუ პატარა ზოგჯერ ცუდად იქცევა. შეიძლება არ გვინდოდეს ცუდად მოქცევა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ხან ტყუილს ვიტყვით, ხან ვინმეს ვატკენთ გულს, ვინმესი შეგვშურდება. ზოგჯერ ვიღაცაზე მეტი გვგვონია თავი.

ასეთ დროს ჩვენს გულს ყოველთვის არასასიამოვნო გრძნობა ეუფლება. შეიძლება თავი დავირწმუნოთ, რომ თუ ვინმეს სამაგიერო გადავუხადეთ კარგად მოვიქეცით. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით საკუთარ თავს, აღმოვაჩენთ, რომ მოუსვენრად ვართ და რაღაც გვაწუხებს.
ყოველ ცუდ საქციელს, ცუდ ფიქრსა თუ ცუდ სიტყვას ეკლესიური ენით ცოდვა  ჰქვია. ცოდვის ჩადენისას ადამიანი ცუდად გრძნობს თავს. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ დროს ის ღმერთს შორდება. ეს ისევე სამწუხაროა, როგორც პატარა ბავშვისთვის დედასთან განშორება. ჩვენს სულს პატარა ბავშვივით სულ ღმერთთან უნდა ყოფნა და როცა მას დაშორდება, თითქოს ტირილს იწყებსო, წუხს და ღელავს.
აღსარება  ღვთის წინაშე ბოდიშის მოხდა არის და კიდევ იმის თქმა, რომ ჩვენ უფლის გარეშე ცუდად ვართ და მასთან სიახლოვე გვსურს ძალიან. აღსარებისას პატიებას ვითხოვთ უფლისგან. უფალ იესო ქრისტეს ძალიან უხარია, როცა მასთან სიახლოვე და მასთან ყოფნა გვსურს, ამიტომ აღსარებისას გულწრფელად ნათქვამ ცოდვებს ყოველთვის გვპატიობს. 





ანგელოზთა გალობა

ანგელოზთა გალობა - „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.“

ეს ლოცვა სამჯერ მეორდება, რადგან ის ყოვლადწმიდა სამებისადმია მიმართული.
ამ ლოცვას „ანგელოზთა გალობა“ ერთი ამბის შემდეგ დაერქვა, რომელიც ქალაქ კონსტანტინეპოლში ქრისტეშობიდან 400 წლის შემდეგ მოხდა.
ქალაქ კონსტანტინეპოლში დიდი მიწისძვრები დაიწყო, რომლის დროსაც უამრავი შენობა დაინგრა. მიწისძვრები არ ჩერდებოდა. ხალხი ძალიან შეშინებული იყო. მეფე ქალაქის მცხოვრებლებთან ერთად მთავარ მოედანზე გამოვიდა და ერთად აღავლინეს უფლისადმი სავედრებელი ლოცვა. ამ საყოველთაო ლოცვის დროს უხილავმა ძალამ ერთი კეთილმორწმუნე პატარა ბიჭუნა მცირე ხნით ჰაერში აიტაცა. ამ სანახაობით გაოგნებულ ხალხს უკან დაბრუნებულმა ბავშვმა უამბო, რომ ზეცად იხილა წმიდა ანგელოზები, რომლებიც უფალს უგალობდნენ: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო“ და დაამატა - „შეგვიწყალენ ჩუენ!“
ამ ლოცვის წარმოთქმისთანავე მიწისძვრა შეწყდა. ბედნიერი და გახარებული ხალხი უფალს ადიდებდა.

ამ დღის შემდეგ წმიდა ეკლესია და ყოველი ქრისტიანი ყოველდღე წარმოთქვამს ლოცვას: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.“ 





ნამდვილი ქრისტიანი

ნამდვილი ქრისტიანი იესოს განუყრელი მეგობარია. ნამდვილი ქრისტიანი ის არის ვის ცხოვრებაშიც ყოველდღე, ყოველი საქმის კეთებისას იესო ქრისტე მონაწილეობს, ვინ ყოველდღე ქრისტესთან ერთად ცხოვრობს.

ისეთი ძლიერი სიყვარული არავის შეუძლია, როგორიც ღმერთს.
შეიძლება ადამიანი მონათლულიც იყოს, წირვა-ლოცვაზეც დადიოდეს, მარხულობდეს, აღსარებას ამბობდეს, ეზიარებოდეს, ლოცვებს და სხვადასხვა საეკლესიო წიგნებს კითხულობდეს. შეიძლება ადამიანი ამ ყველაფერს აკეთებდეს, მაგრამ მაინც უღმერთოდ ცხოვრობდეს. შეიძლება ამ ყველაფერს აკეთებდეს ოღონდ მხოლოდ სხვის დასანახად, იმისთვის, რომ სხვას მოაწონოს თავი.
რა თქმა უნდა წირვა-ლოცვაზე სიარული, ლოცვა, საეკლესიო წიგნების კითხვა, მარხვა, აღსარება, ზიარება, ეს ყველაფერი აუცილებელია, მაგრამ ეს ყველაფერი იმისთვისაა საჭირო, რომ ვისწავლოთ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრება, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც და რაც მთავარია, ვისწავლოთ ცხოვრება იესო ქრისტესთან ერთად.
მაცხოვარი ყველაზე ძლიერია, ყველაზე ბრძენი, ყველაზე კეთილი. მას იმაზე მეტის მოცემა შეუძლია ჩვენთვის, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია ვისურვოთ საკუთარი თავისთვის.
იესო ხომ ამბობს, თქვენ არ ხართ ჩემი მონები, თქვენ ჩემი შვილები და მეგობრები ხართ და ყველაფერი რაც გამაჩნია თქვენთვის მინდა - ძლიერებაც, სიყვარულიც, გონიერებაც.
ნამდვილი ქრისტიანი ის არის, ვისაც ყველაფერი რაც გააჩნია ქრისტესთვის ემეტება და მისთვის გასაზიარებლად უნდა. თავისი ფიქრები, გრძნობები, მთელი თავისი ცხოვრება. 





წმიდანები

ბევრი თანამედროვე ადამიანისთვის საინტერესოა ცნობილი ადამიანების, მომღერლების, მსახიობების, სპორტსმენების ცხოვრება. ისინი განსაკუთრებით ლამაზები, ძლიერები, ყოჩაღები ჩანან და ადამიანებსაც სურვილი აქვთ მათ მიბაძონ. ცნობილ ადამიანებს ნაკლებად აქვთ დრო თაყვანისმცემლებისთვის, რადგან ისინი თავიანთი საქმეებით არიან დაკავებულები.  

აი, ეკლესიაშიც არსებობენ ცნობილი ადამიანები, რომლებიც ქრისტიანებს უყვართ და ბაძავენ. ეს ადამიანები წმიდანები არიან. წმიდანებიც განსაკუთრებით ლამაზები და ძლიერები არიან... ისინი ყოველთვის მზად არიან უფლის წინაშე ლოცვით შეეწიონ ადამიანებს.
წმიდანები იმით არიან ძლიერები, რომ მათ შეძლეს საკუთარ ცოდვებსა და ცუდ თვისებებს მორეოდნენ. წმიდანებს იმდენად უყვართ უფალი იესო, რომ მისთვის სიკვდილსაც არ შეუშინდნენ. ამიტომ ისინი სიკვდილზე უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ. როდესაც ჩვენი ახლობლები გარდაიცვლებიან, ისინი დროებით გვშორდებიან და ვეღარ მონაწილეობენ ჩვენს ცხოვრებაში. წმიდანები კი, მიუხედავად იმისა, რომ ზეცაში, ღმერთის სამეფოში სახლობენ, მაინც ყოველთვის გვეხმარებიან.
წმიდანებს სხვაგვარი სილამაზე აქვთ. მათ, ხატებზე გამოსახულთ მშვიდი, კეთილი სახეები აქვთ, რაც ადამიანებში დიდ პატივისცემას იწვევს. წმიდანები ჩვენს ცოდვებს შეგვახსენებენ. ცოდვებს, რომლებიც ყველაზე მეტად ამახინჯებენ ადამიანთა სულებს და ამავდროულად არც მარტო არ გვტოვებენ და თავიანთი ლოცვით უფლის მადლს გვიგზავნიან ზეციდან.
წმიდანები არა მარტო წირვა-ლოცვას ესწრებიან ტაძარში ადამიანებთან ერთად, არამედ იქ ჩნდებიან, სადაც მათ სახელს ახსენებენ და დახმარებას სთხოვენ.
წმიდანები ანგელოზებს ჰგვანან. ისინი ერთდროულად , უფლისა და ჩვენი ზეციური მეგობრები არიან. 




მადლმოსილი ცეცხლი

იერუსალიმში აღდგომის ტაძარში ღამის ლიტანიობაზე ზეციდან წმიდა მადლმოსილი ცეცხლი გადმოდის, როგორც ქრისტეს აღდგომის ნიშანი და მახარობელი.
აღდგომის სახელობის ამ წმიდა ტაძარში არის სწორედ ის გამოქვაბული, სადაც ჯვარცმის შემდეგ მაცხოვარი დაასვენეს. ამ გამოქვაბულის ადგილზე პატარა ეკლესიაა აგებული. აღდგომა ღამეს ამ მცირე ზომის ეკლესიაში იერუსალიმის პატრიარქი მარტო შედის და ლოცულობს. სამღდელოება და მრევლი კი ამ დროს გარეთ დგას და ცეცხლის გადმოსვლას ელის. 
პატრიარქის მცირე ტაძარში შესვლიდან რამდენიმე წუთში პატარა ცისფერი ნაპერწკლები იელვებს და საფლავის ქვაზე წინასწარ მომზადებული კანდელი თავისით ინთება. იერუსალიმის პატრიარქს ამ დროს ხელში უჭირავს ერთად შეკრული 33 კელაპტარი (ეს იმის ნიშნად, რომ მაცხოვარი 33 წლის ასაკში აცვეს ჯვარს). პატრიარქი ანთებს კელაპტრებს და ზეციური ცეცხლი მორწმუნეებთან გამოაქვს.
დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ცეცხლი არავის წვავს. ადამიანს შეუძლია ცეცხლი სახესთან მიიტანოს, ხელი მიადოს და ცეცხლი არ დაწვავს, რადგან ის ჩვეულებრივი ცეცხლი არ არის. 10-15 წუთის შემდეგ კი ის ჩვეულებრივი ცეცხლის თვისებებს იძენს, თუმცა მაინც ზეციური წარმოშობისაა.
იერუსალიმიდან ზეციური მადლმოსილი ცეცხლი ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში ჩააქვთ. საქართველოშიც, ყოველწლიურად იერუსალიმიდან კანდელით ჩამოაბრძენებენ ღვთაებრივ ცეცხლს. ეს კანდელი საპატრიარქოში ინახება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ღამეს აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა ტაძრებში ლიტურგიაზე მიაბრძანებენ იერუსალიმის ზეციურ ცეცხლს.
ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად ხარობს ცა და დედამიწა.  






თევზის სიმბოლური სახე ქრისტიანულ მართლმადიდებლურ რელიგიაში

თევზი იესო ქრისტეს სიმბოლური სახეა. ძველ დროში, როდესაც ქრისტიანებს დევნიდნენ, ისინი იძულებულები იყვნენ ღვთისმსახურება ფარულად აღესრულებინათ. პირველი ქრისტიანები საიდუმლოდ იკრიბებოდნენ საგანგებოდ ღვთისმსახურებისთვის მოწყობილ გამოქვაბულებსა თუ სარდაფებში. ასეთ ადგილებს კატაკომბებს უწოდებდნენ.
როდესაც ხალხმრავალ ადგილებში ქრისტიანებს სურდათ ერთმანეთისთვის მიენიშნებინათ, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ, ისინი თევზს დახატავდნენ ხოლმე. ბერძნულად თევზი არის „იხთის“. ამ სიტყვის თითოეული ასო-ბგერა შემდეგ სიტყვებზე მიგვითითებს: „იისუს ხრისტოს თეოს იმონ სოტირ.“ ი - „იისუს“ (იესო), ხ - „ხრისტოს“ (ქრისტე), თ - „თეოს“ (ღმერთი),  ი - „იმონ“ (ჩვენი), ს - „სოტირ“ (მაცხოვარი). ანუ ამ სიტყვების შეერთებით მივიღებთ შემდეგ წინადადებას - „იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი.“
სწორედ ამიტომ გამოხატავს თევზი იესო ქრისტეს სიმბოლურ სახეს. 





ღვთის მონა

ღვთის მონა - ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი გულითა და სულით გიყვარდეს უფალი. უარყოფდე საკუთარ ნებას და იყო სრულ მორჩილებაში, ცდილობდე უფლისთვის სათნოდ იცხოვრო. ადამიანი მხოლოდ მაღალი ღმერთის მონა უნდა იყოს, რადგან უფალი ჩვენს მიმართ უზარმაზარი სიყვარულით არის აღვსილი. სხვა პიროვნებისადმი დამონება კი პიროვნული ღირსების დამამცირებელია. 


ძველ დროში ბატონებს მონები ჰყავდათ და მრავალი ადამიანი იძულებული იყო, სხვა ადამიანის მონა ყოფილიყო. თუმცა მონობა სულ სხვა რამ არის. მონობა შინაგანი დამოკიდებულებაა, ხოლო თუ ადამიანი შინაგანად თავისუფალია, მაშინ მას არ შეიძლება მონა ეწოდოს.
მორწმუნე ღვთის მონაა მაშინ, როდესაც იგი უფალს დიდი რწმენისა და სიყვარულის გამო ბრმად ემორჩილება. მაგრამ თუკი ადამიანი შეიმეცნებს უფალს, მისი რწმენა, სიყვარული, მორჩილება უფლისადმი უკვე ბრმა აღარ იქნება, მაშინ მას „ღვთის მონა“ კი არა, „ღვთის მეგობარი“ ეწოდება.

ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს უფლის მეგობარი. უფლის მეგობრობისკენ მიმავალ გზას კი სწორედ სულიერი მოძღვრები მიგვასწავლიან.





თავმდაბლობა

ადამიანმა შეიძლება ზოგჯერ იფიქროს, რა აუცილებელია თავმდაბლობა? პირიქით, თუ სხვას დავანახებ, რომ მასზე უკეთესი და ძლიერი ვარ, მაშინ ყველას პატივისცემის გრძნობა ექნება ჩემს მიმართ. თავმდაბლობა მხოლოდ სუსტების თვისებაა და მათ პატივს არავის სცემსო.
ხანდახან ადამიანი შეიძლება უიმედობამაც შეიპყროს, ყველაფერი ხომ ბოლოს სიკვდილით მთავრდება და სიცოცხლეს რაღაც აზრი აქვსო. 

მაცხოვარი ფეხებს ბანს მოწაფეებს (ფრესკის დეტალი)
ზარზმის მონასტერი
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მთელი ცხოვრება უდიდესი მაგალითია ნამდვილი თავმდაბლობისა. უფალმა შექმნა მთელი სამყარო, მას ემორჩილება ანგელოზთა ურიცხვი დასი, ციურ სხეულთა მოძრაობა. იგი ანიჭებს სიცოცხლეს დედამიწაზე ყოველ სულდგმულს. მიუხედავად ამისა, მაცხოვარს არასდროს გამოუყენებია თავისი ძალა ვინმეს დასაჩაგრად და დასამცირებლად. უფალი ყველას დიდი სიყვარულით ემსახურებოდა: ავადმყოფებს კურნავდა, ბრმებს თვალს უხელდა, უცოდინრებს ასწავლიდა, მკვდრებს აღადგენდა.
უფალი იესო ქრისტე ერთადერთია ვინც უცოდველად იცხოვრა და ამიტომაც დაამარცხა სიკვდილი. იგი აღდგა მკვდრეთით. სწორედ მისი აღდგომა გვაძლევს იმის რწმენას, რომ სიკეთე და სიყვარული ყველაფერზე ძლიერია და მას სიკვდილის დამარცხებაც შეუძლია.
აღდგომა მხოლოდ სიკვდილის დამარცხებას არ ნიშნავს. იგი უპირველესად ცოდვის დამარცხებას ნიშნავს. აღდგომის სიხარული შეგვიძლია აქვე, მიწაზევე განვიცადოთ. მაშინ, როდესაც რაიმე ცოდვაზე, ცუდ თვისებაზე ვიტყვით უარს, ასეთ დროს უზარმაზარ სიხარულს ვგრძნობთ შინაგანად. ეს სწორედ ცოდვისგან აღგომის სიხარულია. თუ ადამიანი ცოდვებს დაამარცხებს, მაშინ დაამარცხებს სიკვდილსაც. ადამიანს მარტო ამის გაკეთება არ შეუძლია. უფალთან ერთად, ღვთის რწმენითა და ძალით კი ადამიანისთვის ყველაფერია შესაძლებელი.
ქრისტე აღსდგა იმისთვის, რომ ჩვენც, ადამიანები აღგვადგინოს ცოდვისა და სიკვდილისაგან.